საქმიანი ტურიზმი

ამინდი და კლიმატი

აჭარის ჰავა და კლიმატი.jpg

საქართველოს რეგიონებს შორის, აჭარის ჰავა და კლიმატი გამორჩეულია განსხვავებული ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლებით, რომელიც გამოხატულია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით. აჭარის ზღვისპირა პლაჟები, ჭაობიანი დაბლობები, წყლის და ტყის მდიდარი რესურსები, მაღალი მთები და ალპური მდელოები წარმოადგენს რეგიონის მრავალფეროვან ბუნებრივ ერთობლიობას. შესაბამისად, აჭარის ჰავა და კლიმატი განსხვავებულია მისი რელიეფის ნაირსახეობის მიხედვით.

აჭარის რეგიონი ოთხი სეზონის მქონე ტურისტული მიმართულებაა, შესაბამისად კლიმატი ოთხივე სეზონზე მკვეთრად იცვლება. რეგიონისთვის ძირითადად დამახასიათებელია სუბ-ტროპიკული ჰავა, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, თუმცა ბათუმის ხშირი სტუმარია კოკისპირული წვიმა. შავი ზღვის სანაპირო უფრო ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები, რომლებიც უხვთოვლიანობით გამოირჩევა, თუმცა ბათუმში იშვიათად თოვს და თოვლიც მალევე დნება. 

აჭარის რეგიონის კლიმატი ძირითადად ორი მახასიათებლით გამოირჩევა: ტენიანი სუბტროპიკული და მშრალი მთის კლიმატი. ზღვისპირა ზოლში ვრცელდება ზომიერი და თბილი კლიმატი, სადაც წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 13-14.5 გრადუსია, იანვრის საშუალო ტემპერატურა +6.5, ხოლო აგვისტოში კი +24.5 გრადუსია. მაღალმთიანი რეგიონები ხასიათდება შედარებით გრილი და ზამთრის თვეებში ცივი კლიმატით, სადაც წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია, იანვრის თვეში +1-ს, ხოლო ივლისში +19 გრადუსს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარა სუბ-ტროპიკული რეგიონია, ხშირად აღინიშნება წვიმა და ჭარბტენიანობა. სწორედ აჭარაშია ევროპის ნალექების პოლუსი - მთა მტირალა, სადაც წლიურად 4000 მმ-მდე ნალექი მოდის. 
აჭარის კლიმატი იმდენად უნიკალურია, რომ ერთ სივრცეში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია სხვადასხვა კლიმატური და ლანდშაფტური ზონის მცენარეთა სახეობები: აღმოსავლეთ აზიისა და ჰიმალაის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, ხმელთაშუაზღისპირეთისა და  ამიერკავკასიის.

აჭარა წლის ოთხივე სეზონზე სხვადასხვა ტურისტულ თავგადასავლებს გთავაზობს, სადაც ზაფხულის თვეებში ისიამოვნებ შავი ზღვის სანაპირო ზოლით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე რეგიონის ეროვნულ პარკებში, ბუნების თავბრუდამხვევი ფერების მრავალფეროვნებით და ზამთარში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტით.

ეწვიე აჭარას ოთხივე სეზონის განმავლობაში, მრავალფეროვანი სათავგადასავლო გამოცდილებების მისაღებად.

გაზიარება